თბილისის ზღვის მიმდებარე სასტუმრო ოქროს საწმისში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. პრობლემა დაბინძურებულ სასმელ წყალშია, რომლითაც 15-მდე ადამიანი მოიწამლა. ისინი ამ დრომდე სხვა და სხვა კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.
ტერიტორიის შესწავლა დაიწყო წყალმომარაგების კომპანიამ, თუმცა დაბინძურებულია თუ არა წყალი ამაზე პასუხი არ აქვთ. ამ დროისთვის დასახლებას წყალი აღარ მიეწოდება, ამასთან ერთად ამორტიზებულია სასტუმროს შენობა. ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ დახმარებას ვერ შეძლებს.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სასმელი წყლით დაბინძურება ძველი, ამორტიზებული გაყვანილობის შედეგია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ტიკარაძის უწყებას არაერთხელ მიმართეს.
სასმელი წყლის გარდა - იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა შენობის ავარიულობაცაა, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს რომ, დევნილ ოჯახების საცხოვრებლით დახმარებას შეეცდებიან, თუმცა დღეს არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ.
ინტოქსიკაციის შემდეგ 15-ივე ადამიანი საავადმყოფოში რჩება. ლაბორატორიული კვლევები, რომლითაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა სასმელი წყალი დაბინძურებული, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.